“კომპანიის მხრიდან ყველა შრომითი
უფლება ირღვევა”,- მშენებლებმა სამტრედიაში აქცია გამართეს
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა მაგისტრალი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გადაკეტეს.მუშები ამბობენ,რომ 6 თვეა ხელფასი არ მიუღიათ.
“დაუსრულებელი დაპირებები გრძელდება. კომპანიამ 20 რიცხვი დაასახელა თანხების გასტუმრების თარიღად და დღესაც ტყუილი გამოუვიდა. ვითხოვთ, გამოხმაურება იყოს სახელმწიფოსგან. ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვაქვს უფლება მივიდეს ჩვენი პროტესტი მაგათ ყურამდე.”
“კომპანიის მხრიდან ყველა შრომითი უფლება ირღვევა. ხალხს ამუშავებენ და პირველი შემთხვევა არაა, რომ დაუგვიანეს ხელფასები. ყველა მათი დაპირება აღმოჩნდა ტყუილი”, – აცხადებდნენ. აქციის მონაწილეები.
უკრაინული სამშენებლო კომპანია “ალტ-კომი” საქართველოში პროექტს პირველად ახორციელებს. კომპანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც 2014 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას გულისხმობს.
მშენებლობაზე დაახლოებით 650 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნულ მაგისტრალზე დასაქმებული მუშები მარტის თვეშიც გაიფიცნენ. მუშები მაშინ ხელფასების დროულად მიღებას, ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.