წყალტუბოში დევნილებისათვის კორპუსის
მშენებლობა განსაზღვრულ ვადებში ვერ სრულდება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. 7 734 243 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ორნამენტი” აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს რომ პრობლემები ბუნებრივმა მოვლენებმა შექმნა, საძირკველში წყალი ჩადგა და მშენებლობა შეუძლებელი იყო.
მშენებლობის ადგილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოინახულეს. მინისტრის თქმით, კომპანიასთან ამ ეტაპზე ხელშეკრულებას არ გაწყვეტენ და მისცემენ ვადას, რომ გრაფიკს დაეწიონ.
“სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, გარკვეულწილად, ბუნებრივმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. საძირკველში წყალი ჩადგა და მუშაობა შეუძლებელი იყო. ამიტომაც, შევთანხმდით მშენებელთან, რომ ამ ეტაპზე არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას და გარკვეულ ვადას ვაძლევთ, რათა გრაფიკს დაეწიოს. მინდა ხელი შევუწყო კეთილსინდისიერ მშენებლებს, მაგრამ დევნილების ხარჯზე ეს ვერ მოხდება. იმედი მაქვს, რომ ისინი დაეწევიან გრაფიკს და 2018 წლის გაზაფხულზე ბინებს ჩაგვაბარებენ”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.