ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა
და თურქეთის ანტი-კორუფციის პრაქტიკოსები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია ანტიკორუფციის პროფესიონალთა ქსელის გაძლიერება და ოთხ მონაწილე ქვეყანას შორის გამოცდილების გაცვლა ახალი ანტიკორუფციული მეთოდოლოგიის ““Islands of Integrity”” ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დანერგვის საქმეში. მეთოდოლოგია “Islands of Integrity” განკუთვნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებისთვის და მიზნად ისახავს პოლიტიკასა და საორგანიზაციო სისტემებში კორუფციის შესაძლებლობების გამოვლენას და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას.
კონფერენციის მონაწილეებმა გაცვლეს გამოცდილება ანტიკორუფციული პოლიტიკის დანერგვის საკითხებში და იმსჯელეს ინოვაციური მეთოდოლოგიის გავრცელების შესაძლებლობაზე შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში.
“დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ანტი-კორუფციული სტრატეგიების სამუშაო ვერსიები სხვადასხვა ქალაქების და მათ შორის ბუნებრივია ქუთაისის, აქ იყო წარმოდგენილი უკრაინის რამდენიმე ქალაქი, მოლდოვის, რუმინეთის და ასევე ევროპული დელეგაციები, რომლებთან ერთადაც მოხდა სტრატეგიების განხილვა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების, ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.
ქუთაისის შეხვედრა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა მე-9 ფორუმს უკავშირდება. მისი ორგანიზატორები არიან რუმინეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა პლატფორმა FOND, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირის კომისია, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური წარმომადგენლობა და ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა პარტნიორობა განვითარების ეფექტიანობისთვის” (ჩPDE).