“ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად
იწყებს თემატური მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების გამოქვეყენებას სახელწოდებით “ჯორჯია პლიუსი.” მულტიმედიური მასალების პაკეტები, რომლებსაც პროექტის პარტნიორი ცენტრალური მედიასაშუალებები და ჟურნალისტური ჯგუფები დაამზადებენ, განთავსდება პროექტის პარტნიორ ცხრა რეგიონულ მედიაორგანიზაციაში. რადიო “ძველი ქალაქი” ერთ-ერთია იმ ცხრა მედია საშუალებიდან, რომელიც თვეში სამ მულტიმედია მასალას შემოგთავაზებთ.
“ჯორჯია პლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვები იქნება ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს გააშუქებს. პირველი პაკეტის თემაა ადგილობრივი მმართველობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. იგეგმება ასევე ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, მიგრაციის, ახალგაზრდობის, ტურიზმის, არჩევნების თემების გაშუქება.
მაისის თვის პირველი თემა რომელსაც “ძველი ქალაქი” შემოგთავაზებთ ახალგაზრდების სურვილს და მოთხოვნას ეხება. “არაპრიორიტეტული სკეტ-პარკი” – ასე ჰქვია პირველ მულტიმედიურ მასალას. მალე მოგეცემათ საშუალება შეაფასოთ ჩვენი პირველი ნამუშევარი და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი.
ჟურნალისტური პროექტი ხორციელდება რეგიონული პროგრამის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში.