საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. პრემიერის თქმით,უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ უხდის.
“სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა. თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს უმკაცრესი, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, დროულად მიიღონ ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებენ, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა”, – განაცხადა პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს საკითხის კონტროლი დაავალა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *