შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია – ”არა ჩადებას” გაიმართა.
აქციაში მონაწილეობას ის ადამიანები იღებდნენ, ვინც თავისი ახლობლების დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
აქციაში მონაწილეობდა პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილიც, რომლის თქმითაც, ასევე უკანონოდ არის დაკავებული მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი.
”დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
აქციაზე იმყოფებოდა დაკავებული მიხეილ თათარიშვილის მამაც. მისი თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ შსს, პროკურატურა და სასამართლო ორკესტირირებულად მოქმედებენ.
”ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ჩადება კი არ იყო, უბრალოდ უთხრეს მეორე დღეს, რომ ეს წამლები მას ეკუთვნოდა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს”- აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.
ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით კი, რომელიც მისი შვილის დაკავებას აპროტესტებს, ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია.
”სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამ სპეცოპერაციას არა ოფიციალურად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე. ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ მისი შვილის საქმეზე აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ შსს-სთან მიმდინარე საპროტესო აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ჯიბეები ამოიკერა. მათ შორის არიან: ორგანიზაციის „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი“ ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის დაკავებული მეგობრის მიხეილ თათარიშვილის მამა და სხვები.
წყარო: ინტერპრესნიუს