ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე პრემია-დანამატებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მასში უზუსტობები, იყო და ამ უზუსტობების შესასწორებლად ორგანიზაციას მიმართეს. ზვიად ჯავახიამ განაცხადა, რომ მერის ხელფასი შეადგენს 2750 ლარს, ხელზე ასაღები თანხა 2100 ლარია. მას მერობის პერიოდში პრემია დანამატი არ მიუღია. “ცხრილში ცარიელი ადგილი იყო დატოვებული პრემია-დანამატის ადგილზე და ჩათვალეს, რომ მივაწოდეთ არასრული ინფორმაცია. დასკვნაში მოყვანილია, თითქოსდა იმერეთის რეგიონში მოქმედ გამგეობებსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული პრემიების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად. საახალწლოდ, სააღდგომოდ, მარიამობას და ა.შ. ქუთაისის მერიას არაერთხელ აქვს საჯაროდ გაცხადებული, რომ უარს ამბობს საყოველთაო პრემიერების მანკიერ პრაქტიკაზე. პრემიები გაიცემა დამსახურების მიხედვით , მაგრამ არა საყოველთაოდ”, – განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ყურადღებას ამახვილებს კვლევის შინაარსობრივ მხარეზე და ამბობს, რომ ქუთაისის მერიის და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების ერთანეთთან შედარება შეუძლებელია, რადგან იმერეთის მასშტაბით, აქ დასაქმებულთა რაოდენობა მეტია და მეტია ქუთაისის ბიუჯეტიც. “ასევე მნიშვნელოვანი დაზუსტება შეეხება ქუთაისის მერიის მიერ გაცემულ ჯამურ პრემია დანამატებზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს იმერეთში. ქუთაისის მერიაში იმერეთის მასშტაბით დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია იმერეთის რეგიონის სხვა გამგეობებთან შედარებით, ხოლო ბიუჯეტი იმერეთის რეგიონში შემავალ 11-ვე რაიონის გამგეობის ჯამურ ბიუჯეტზე ბევრად მეტია. ამდენად, ქუთაისის ერიისა და იმერეთის რეგიონის სხვა გამგეობების შედარება, რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურობის შთაბეჭდილებას ტოვებს”, – განაცხადა ზვიად ჯავახიამ.