ქუთაისის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა,
ჟურნალისტის ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავება გააპროტესტეს და დაკავებულის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტის შვილი დედის პროფესიიდან გამომდინარე დაისაჯა.
“მშობლების საქმიანობის გამო იგი რაც არ უნდა კრიტიკული იყოს მთავრობის ან თუნდაც ნებისმიერი პირის მიმართ ამას მნიშვნელობა არ აქვს, შვილები არ უნდა აგებდნენ პასუხს და ამ შემთხვევაში მგონია, რომ ზუსტადაც დათოს დაკავება მოხდა მისი დედის საქმიანობიდან გამომდინარე,”-განაცხადა ჟურნალისტმა ქეთევან ბერძენიშვილმა.
ადვოკატი ლედი ტუკვაძე განმარტავს, რომ დავით ხარშილაძე წლების წინაც ამ ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა მის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა.
“ეს არის სოლიდარობის აქცია, რადგან წლების წინ დაიწერა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ავტორიც იყო ლევან კახიძე. დღესაც იგივე მეორდება და უკვე მეორედ იგივე მეთოდით დასაჯეს დავით ხარშილაძე, მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ ის ელისო კილაძის შვილია და იგი სწორედ ამის გამო ისჯება და დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ელისო კილაძის შვილის დაკავება,”-განაცხადა ლედი ტუკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.