არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისის
ცენტრში ტერიტორიების გასხვისებას აპროტესტებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია გოქაძის თქმით, მალე გასხვისდება 9 აპრილის მემორიალის ტერიტორია. “გაასხვისეს სამი ოთარის ძეგლის ტერიტორია, ოქროს ჩარდახთან ტერიტორია სადაც “არგო” შენდება, ქალაქის ცენტრში ადგილი სადაც “მაკდონალდსი” შენდება. ეს ყველაფერი იფუთება ინვესტიციის სახელით. რათქმაუნდა რაღაც რომ შენდება და კეთდება ინვესტიცია შემოდის, მაგრამ ეს ხდება ქალაქის ისტორიულ ნაწილში იმ ისტორიულ ღირებულებებთან რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია”, – განაცხადა გია გოქაძემ.
მისი თქმით, ტერიტორიების გასხვისებით ქალაქის მერია დაინტერესებული. მას ქალაქის საკრებულოს კრიტიკულობასა და ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს. “ადრეც ვამბობდით, რომ არგოსთან დაკავშირებით დაინტერესება იყო იმ ჯგუფის, რომელსაც ის ლობირებდა. როცა საზოგადოებას ბევრი კითხვა და ეჭვი უჩნდება და შენ ამას ინვესტიციის სახლით ფუთავ, შემდეგ საზოგადოების გაჩერება შეუძლებელია. კონტროლი და მონიტორინგი ქალაქის საკრებულოს უნდა გაეწია, მაგრამ საკრებულო ყველაფერში ქალაქის მერის დავალებას ასრულებს. აქედან გამომდინარე ის არასოდეს არ ყოფილა კრიტიკული და ობიექტური”, – განაცხადა გია გოქაძემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გასხვისებული ყველა ქონების უკან ქალაქი მერი, შოთა მურღულია დგას. “ქალაქის მერის პირადი ინტერესების გარეშე არაფერი არ ხდება”, – განაცხადა გია გოქაძემ. არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია”დამფუძნებელი მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირის 9 მარტს მივიდნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის შენობაში, რათა განიხილონ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტერიტორიების გასხვისების საკითხი.