საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით
, სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება საქართველოში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებს ეძლევათ. ამ საკითხთან დაკავშრებით ქუთაისის მერიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც მონადირეებს ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.
შეხვედრის შემდეგ მონადირეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დაწესებულ რეგულაციებს უსამართლოდ მიიჩნევენ. პროტესტს პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.
” ვეთანხმები, რომ ნაკრძალში ნადირობა დაუშვებელია, თუმცა ისეთი სანქციები და რეგულაციები დააწესეს, რომ ნადირობის სურვილი აღარ გექნება. სამონადირეო ტორიტორიას დაუნიშნეს მმართველი, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას. ოდნავ თუ სხვა განზომილებაში მოხვდი, შესაძლოა, ორი მწყერის მოკვლაზე 6 ათასი ლარით დაჯარიმდე,”-განცხადა გოგი წულაიამ.
ახალი რეგულაციების თანახმად, მონადირეებისთვის ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში აკრძალულია. მონადირე ვალდებული ხდება შეისწავლოს ცხოველების, ფრინველების და იარაღის დასახელებები, ასევე წარმოადგინოს ნადირობისთვის საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მონადირეები არ დაიცავენ ახალ რეგულაციებს, ისინი 100-დან 2 000 ათას ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.