სოციალურ საცხოვრისში ბინის მისაღებად
ბენეფიციარებისთვის განაცხადების მიღება თავიდან დაიწყება. ქუთაისის საკრებულო სხდომაზე სოციალური საცხორვისის განაწილების წესი დაამტკიცა. “ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს რეგისტრაციის პერიოდი. შემდეგ მოხდება შემოწმება. საკუთრება არ უნდა ჰქონდეს, ან მემკვიდრეობით უფლება არ უნდა ჰქონდეს რაიმე საკუთრებაზე. ჩემი აზრით, ძალიან ნორმალური წესია. ქულების მიხედვით არის. გათვალიწინებულია ყველა კომპონენტი. ამ პროცესში ბოლო ერთი კვირაა წესის რომელიმე კომპონენტზე შენიშვნა შემოსულიყოს”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
როგორც ქალაქის მერმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა განაწილების წესის შემუშავების პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო. “საკმაოდ შრომატევადი იყო იმიტომ, რომ ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც შეაფასებ არის საკმაოდ რთული შესადგენი. ეს პროცესი ჩვენ გავხადეთ საჯარო. ჩემმა მოადგილემ რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თუ როგორ განგვესაზღვრა წესი, რადგან პირველ ეტაპზე მხოლოდ 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. შემდეგ ვეცდებით კიდევ 30 ოჯახი დავაკმაყოფილოთ”, – განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერის თქმით, განაწილების წესი სხვა მსგავსი წესების მიხედვითაა აგებული, მაგალითად როგორც ამას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო აკეთებს. “არის ქულებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შესაბამისი ქულები ენიჭებათ, მრავალშვილიანებს შესაბამისი. შემზღუდველი არის წესებს შორის ის, რომ ქუთაისში უნდა იყოს რეგისტრირებული ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ იქ ვინმემ არ მოახდინოს უცებ გადმოწერა ერთი კვირის განმავლობაში და ბინით არ დაკმაყოფილდეს”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
სოციალური საცხორვისის შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის ოჯახებს საკუთრებაში არ გადაეცემათ. როცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ფართით სხვა გაჭირვებული ადამიანები ისარგებლებენ. უსახლკაროებისთვის ფართით სარგებლობის ყველაზე მცირე ვადა 5 წელი იქნება.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა.მისი მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. ქუთაისი პირველი თვითმმართველობაა, რომელმაც მსგავსი მუნიციპალური საცხოვრისი მოაწყო.
მერიის საბინაო სამსახურში საცხოვრისის მოთხოვნით 700-მდე განცხადება იყო შესული. როდიდან გამოცხადდება საცხოვრისის მოთხოვნაზე განაცხადების ხელახალი მიღება ჯერჯერობით უცნობია.