1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებული იქნა ახალი კამპანია “დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ” რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში დღის განმავლობაში ქუთაისში სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.

11:00-15:00 სთ. თამარ მეფის გამზირი N 59, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 კორპუსთან („NATO-ს სკვერში“), ჩატარდება აივ ინფექცია/შიდსზე უფასო კონსულტაცია და ტესტირება მობილურ ამბულატორიაში.

13:00-14:00 სთ. მოეწყობა მსვლელობა და საინფორმაციო მასალის გავრცელება აივ ინფექცია/შიდსის შესახებ მითებსა და ფაქტებზე. მსვლელობის მიზანია აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩამოყალიბება. ასევე, ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ 21-ე საუკუნეში აივ ინფექცია/შიდსი აღარ არის ლეტალური დაავადება, ის მართვადი დაავადებაა, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას. მსვლელობის მარშრუტი: მე-3 საჯარო სკოლა, მერია, ცენტრალური მოედანი, თამარ მეფის ქუჩა, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

14:00 – 16:30 სთ. აქციის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსი, მწვანე დარბაზი) გამართება აივ ინფექცია/შიდსის შესახებ მხატვრული ფილმის “ასმა”-ს (2011წ.) ჩვენება და დისკუსია.
აქციის ორგანიზატორები არიან: ასოციაცია “ჰერა XXI”, “თანადგომას” ქუთაისის ოფისი, “ახალი გზა”, “განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი” და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *