აზარტულ თამაშებს, საქართველოში
არც თუ ისე მცირე ხნის ისტორია გააჩნია. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ 19-ე საუკუნეში საქართველოშიც იყო გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლები. საქართველოში, მათ შორის ქუთაისშიც, მრავლადაა სლოტ-კლუბები და ტოტალიზატორები. მიუხედვად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტს არ მიესალმება, ეს დაწესებულებები მომხმარებელთა სიმცირეს არ განიცდიან. ყოველდღიურად ელექტრონულ თამაშებზე 400 ათასი ადამიანია დამოკიდებული. მათ შორის 10 % ბავშვია. “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარე სახელმწიფოსგან შესაბამს რეაგირებაზე საუბრობს. “სამწუხაროდ ეს საგანგაშო სტატისტიკაა. ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი. მე თუ მკითხავთ, როგორც სპეციალისტი, მოხრე ვარ, რომ ყველა სახის ელექტრონული თამაშები იყოს აკრძალული. რაც შეეხება სხვა აზარტულ თამაშებს, კაზინოები, სლოტ კლუბები ერთ რომელიმე ადგილას, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით უნდა განთავსდეს. მხოლოდ ერთი ადგილი უნდა იყოს ამისთვის საქართველოში”,- განაცხადა
რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ.
საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოში ბავშვებისათვის აზარტულ თამაშებთან წვდომა სირთულეს არ წარმოადგენს და ასეთი დაწესებულებები ხშირად სასწავლო დაწესებეულებებთან ახლოსაა განთავსებული. “ჩვენი მოთოვნაა მოხდეს ამის რეგულირება, როგორც ვთქვი მოხდეს ერთ რომელიმე ადგილას მათი გადატანა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს აკრძალული. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თუ სურვილი აქვთ და გასართობად იყენებენ, გამოიყენონ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ადამიანები ფლანგავდნენ ისედაც ძლივს მოპოვებად რესურსს. ამ ბიზნესში 2 მილიარდი ლარი ტრიალებს და ეს ჩვენი მოსახლეობის დაყაჩაღებაა”, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, ბავშების აზარტული თამაშებით დაინტერესების შესახებ კონკრეტული ციფრებია მოყვანილი. კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 14%-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ფულზე უთამაშია. საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში, საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.