საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში, ქალთა წარმომადგენლობა 16%-ია.
წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით ქალი დეპუტატების რიცხვმა 4%-თ მოიმატა და 24 ქალი დეპუტატი შეადგინა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. მიუხედავად ამისა, ქალ დეპუტატთა რიცხვი, მაინც დაბალია. რა არის ამის მიზეზი და რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს ქალთა პოლიტიკური აქტივიზმის გასაუმჯობესებლად. ამ თემებზე „ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის“ დირექტორი ქეთევან ბერძენიშვილი, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელს, ლადო ბოჟაძეს ესაუბრა.
-ბატონო ლადო, როგორ შეიძლება შეფასდეს დღეს ჩვენს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური აქტივიზმი და რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს?
ლადო ბოჟაძე: -სამწუხაროდ, მრავალი ფაქტორი არსებობს: ჩვენი კულტურა, ტრადიციები, პირველ რიგში კი ფინანსები და ამ თვალსაზრისით დამუკიდებლობის არ არსებობა, რაც ნამდვილად ქმნის პრობლემას. თუმცა თუ გადავხედავთ მე-9 მოწვევის პარლამენში ქალთა შედარებით გაზრდილ რაოდენობას, წინ მივდივართ. ქართველი ამომრჩეველი, ქალი პოლიტიკოსების საქმიანობით ნამდვილად კმაყფილია, რაც მათ მიმართ გამოცხადებული ნდობის დადასტურებაა. მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო. პარლამენტში შესულმა ქალბატონებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნებისას, პარტიულ სიებში ყოველი მესამე განსხვავებული სქესი იყოს წარმადგენილი. ეს კანონით უნდა განისაზღვროს. კვოტირება აუცილებელი ნორმაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას. ჩვენ წინ გველოდება თვითმმართველბის არჩევნები და კარგი ნიადაგი უნდა შეიქმნას იმისათვის, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი მოხვდეს საკრებულეობში. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ და კანონმდებლებმა, ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კვოტირებას მივაღწიოთ თვითმმართველობის დონეზეც, შევქმნათ სხვა დამატებითი პირობები იმისათვის, რომ ქალებს ქონდეთ პოლიტიკაში მოღვაწეუბის სურვილი. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამისთვის უკვე მზადაა. აღარავის უკვირს მინისტრი ქალი, პარლამენტარი ქალი, გამგებელი ქალი. ჩემი აზრით აღარ დგას არჩევანი ქალისთვის საქმინ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის. ყველა წარმატებული ქალი კარგი დედა, მეუღლე და საქმეში გამორჩეულია. ამიტომ ჩვენ, ასეთ ქალებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი და დავაინტერესოთ პოლიტიკური აქტივიზმით.
-ბატონო ლადო, როგორ შეაფასებდით რეგიონებში არსებულ პოლიტიკური ცნობიერების დონეს. როგორია აქ ელექტორატის, ან თუნდაც პოლიტიკაში მოსვლის მოსურნე ქალების პოლიტიკური განათლების დონე, რადგან არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ვერც ერთმა ქალმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, რეგიონებში ვერ გაიმარჯვა.
ლადო ბოჟაძე: -ეს მრავალწახნაგოვანი საკითხია. შესაძლოა ერთ-ერთი განმაპირობებელი ამისა იყოს იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, რომლებმაც ქალი კანდიდატები წარადგინეს და არა ქალთა დაბალი რეიტინგი. ეს არის ცნობიერების და ერთგვარი სტერეოტიპების პრობლემა, რაც ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ. უნდა შევეცადოთ დავარწმუნოთ ამომრჩეველიც და აქტიური ქალები იმაში, რომ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
-კონკრეტულად რისი შეცვლა შეუძლია ქალების ჩართულობას ქართული დემოკრატიის პირობებში?
ლადო ბოჟაძე: -დემოკრატია წარმოუდგენელია თანასწორობის გარეშე. როცა განვითარებაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა იყოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებისას. საყველთაოდ ცნობილი ფაქტი და პრაქტიკაა ის, რომ სადაც ქალები არიან ჩართულები, გადაწყვეტილებები გაცილებით ეფექტიანი და გონიერია. თუ მამაკაცები უფრო ორიენტირებულები არიან ძალოვან სტუქტურებზე, უსაფრთხოებაზე და ა.შ. და ამ მიმართულებით იხარჯება ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტების დიდი წილი, ქალების ჩართულობისას აქცენტები სოციალური სფეროს გაუმჯობესებაზე, განათლებაზე, კულტურაზე, სწორად დაგეგმილ პოლიტიკაზე კეთდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო მეტი ქალის ჩართულობა და უახლოესი წლების განმავლობაში,ჩვენ ამ მიმართულებით მივაღწევთ გარღვევას. კიდევ უფრო მეტი ქალი იქნება თვითმმართველობის დონეზე, საკანონმდებლო თუ აღმასრუებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და ამომრჩეველიც უფრო თამამად გააკეთებს არჩევანს.
-რამდენ ხანშია შესაძლებელი, რომ მივაღწიოთ 50/50-ზე?
ლადო ბოჟაძე: -50/50-ზე ნამდვილად ძნელი მისაღწევი იქნება, მაგრამ ყოველი მესამე განსხვავებული სქესი, ეს აუცილებელი პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ზარით, მათ რეგისტრაციაც კი არ უნდა გაატარონ. როგორც ჩანს წამახალისებელი მექანიზმები არ აღმოჩნდა ეფექტიანი, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევითა და ლობირებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კანონმდებლებმა მიიღონ კვოტირების შესახებ კანონი. ეს აუცილებელია ქალთა პოკიტიკაში ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით.