დღეს მსოფლიოში “დღე მანქანის გარეშე” აღინიშნება.
სოციალური ჯგუფი “გული თბილისისათვის” მოუწოდებს თბილისელებს, შეუერთდნენ ამ დღეს, დატოვონ საკუთარი ავტომობილები სახლში და იარონ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, რაც ჩვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.
წელს “დღე მანქანის გარეშე” ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება – მას 51 ქვეყანა და 2395 ქალაქი უერთდება.
“დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.