ქუთაისის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. 2023 წლის საწყისი ბიუჯეტი 101 481 700 ლარი იქნება, რაც დაახლოებით, 12 მილიონი ლარით მეტია 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით.

პრიორიტეტები ასე გადანაწილდება:

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები 19 775 200
ინფრასტრუქტურის განვითარება 24 500 600
დასუფთავება და გარემოს დაცვა 9 076 600
განათლება 17 483 700
კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი 20 993 400
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 7 985 200
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 1 770 000

ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად, 2022 წელთან შედარებით, იზრდება კონკრეტული სფეროების დაფინანსებაც, მათ შორის 10%-ით იზრდება თანამშრომლების ხელფასები. მოქალაქეების კითხვაზე, კონკრეტული სფეროების გაზრდილი ბიუჯეტი ხომ არ არის გამოწვეული ხელფასების ზრდით და რეალურად მომხმარდება თუ არა გაზრდილი თანხა მოქალაქეების საჭიროებებს, ქუთაისის მერი პასუხობს, რომ გაზრდილი 12 მილიონიდან, 4 მილიონი ხელფასებზე დაიხარჯება, დანარჩენი კი ქუთაისელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.

,,12 მილიონიან ზრდაში, რომელიც საწყის ბიუჯეტებს შორის გვაქვს, დაახლოებით, 4 მილიონი არის 10%-იანი ზრდა 4000-ზე მეტი თანამშრომლისთვის და არა მხოლოდ მერიის თანამშრომლებისთვის, ამაში დიდი სხვაობაა, ააიპების, შპსეების თანამშრომლებსაც მოემატათ ხელფასები. დარჩენილი თანხა არის წმინდა საბიუჯეტო ზრდა. ეს მხოლოდ საწყისი ბიუჯეტი, წლის განმავლობაში ეს თანხა კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება ჩემს ხელფასს, რადგან ეს განსახილველი თემა გახდა, ხელფასი მარტო იოსებ ხახალეიშვილს არ გაზრდია, მთელი საქართველოს მასშტაბით მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და თანამშრომლებს ხელფასები მოემატათ, ასე რომ, იოსებ ხახალეიშვილს მარტო თავისთვის არ გაუზრდია ხელფასი,’’-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

მმართველობისა და საერთო დანიშნულების ხარჯები 2023 წლის ქუთაისის ბიუჯეტის 19%-ს შეადგენს.

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის განხილვა საკრებულოს სხდომაზე გატანამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე დააანონსა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *