,,ანტიკორუფციული მოძრაობა” ქუთაისის მერიაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.
ორგანიზაციის იმერეთის ბიუროს წარმომადგენლის, თემურ ცამციშვილის ინფორმაციით, ჯიბლაძის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც დღემდე დაუსრულებელია, შ.პ.ს ინექს როუდი ახორციელებდა და ამისთვის 285 586 ლარი იყო გამოყოფილი. ინექს როუდი ახორციელებდა, ასევე, ხახანაშვილის ქუჩის რეკონსტრუქციას 229 517 ლარად. ჯამში, ორივე ქუჩის რეკონსტრუქციაზე ნახევარ მილიონზე მეტი
დაიხარჯა.
თემურ ცამციშვილის თქმით, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე ჯიბლაძის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის დამატებით 128 ათასი ლარი გამოყვეს და სამუშაოების დასრულება შ.პ .ს მშენებელს დაევალა.
,,საეჭვო ვითარებაა. შ.პ.ს ინექს როუდმა სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა. სხვა ამგვარ შემთხვევებში მერია ტენდერის პირობებს ცვლიდა, დროს და თანხას ამატებდა, ახლა კი სხვა კომპანია შემოიყვანა. 250 ათასამდე დაიხარჯა ამ ქუჩაზე, ახლა 128 ათასი კიდევ სხვა კომპანიას მისცეს და სამუშაოები მან უნდა დაასრულოს. ეს არის ბიუჯეტის არამიზნიბრივი ხარჯვა და აჩენს ეჭვს კორუფციაზე,”-ამბობს თემურ ცამციშვილი.
ჯიბლაძის ქუჩის რეაბილიტაცია შ.პ.ს მშენებელმა 15 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
მერიაში აცხადებენ, რომ საკითხზე კომენტარს არასამუშაო დღის გამო ვერ გააკეთებენ.