ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ,,ქართული ოცნებიდან’’, ბექა ქებულაძემ და მერაბ ჭოხონელიძემ ფრაქცია ,,ქართული ოცნება’’ დატოვეს.
ისინი ,,ხალხის ძალას’’ შეუერთდებიან. მერაბ ჭოხონელიძის თქმით, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი მოსაზრებები ხალხის ძალის მოსაზრებებს ემთხვევა.
,, დავწერე განცხადება და მივმართე ფრაქციის თავმჯდომარეს, რომ ვტოვებ ფრაქციას, თუმცა არ ვტოვებ უმრავლესობას. ჩემი შეხედულებები ძალიან ახლოს დგას ხალხის ძალის შეხედულებებთან, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ფრაქცია ,,ქართული ოცნება’’. მიმაჩნია, რომ ევროპელი პარტნიორები იმაზე მეტად ერევიან საქართველოს საქმეებში, ვიდრე ამის უფლება აქვთ, არ ვამბობ, რომ ცუდს აკეთებენ. ამის შემდეგ ,,ხალხის ძალის’’ გვერდით ვიქნები,’’-ამბობს მერაბ ჭოხონელიძე.
მეშვიდე მოწვევის საკრებულოში 35 დეპუტატია წარმოდგენილი. “ქართულმა ოცნებამ” 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ – 17.
მმართველი პარტიის “სიმართლის თქმის” მოტივით დატოვება “ქართული ოცნების” წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. მათ შორის პირველები, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი იყვნენ. ისინი ერთობლივად გავრცელებულ განცხადებებში აშშ-ის ნეგატიურ როლზე საუბრობდნენ. მათი თქმით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. მათ შორის, არაერთხელ გაკეთდა მინიშნება “მეორე ფრონტის” გახსნაზე დადანაშაულების შესახებ. ,,ქართული ოცნებიდან წასულ ოთხეულს’’ შემდეგ არაერთი დეპუტატი შეუერთდა სხვადასხვა ქალაქიდან.