,,ნაციონალური მოძრაობა” გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს “საოკუპაციო შენატანის” გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ თანხა თითო ადამიანზე 1 000 ლარით განისაზღვრება და შემოსული ფული დევნილების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სამინისტროში გადაირიცხება.
,,პარლამენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვთავაზობთ, კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს და მთელ რიგ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და კითხვის ნიშნებს წარმოშობს, შესაბამისად ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მისი განცხადებით, ამ გადასახადის დაწესებით ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა შევა.