რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, “ზემო ლარსიდან” შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან კონკრეტული ციფრები დაასახელა.
,,Შემომსვლელთა რიცხვი ბოლო ხუთ დღეში გაზრდილია. იყო 5,5 ათასი… ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ გაიზარდოს… საჰაერო გზებით და სომხეთიდან ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის… გუშინწინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ – 10 400, თუ არ ვცდები. გასვლით, გადის შემომსვლელთა დაახლოებით 60 პროცენტი… კრიმინალი შეიძლება ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს, რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს ან შეიძლება არ გაიზარდოს. . ჩვენ არ გვაქვს 10 და 20-გეითიანი გასასვლელი, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. ამაზე მეტი აღარ მგონია გაიზარდოს, ვეღარ გავატარებთ ფიზიკურად,” -აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის ფონზე საფრთხეები არ არსებობს და მთავრობა საზღვარს სრულფასოვნად აკონტროლებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა შეფერხებებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შეუქმნის.
,,სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს. მიგრაციულ ნაკადებსაც რეალურად, უნაკლოდ მართავს საქართველოს ხელისუფლება და არ მგონია, რომ სადმე რაიმე შეშფოთებისა და შორსმიმავალი დასკვნების მიზეზი გვქონდეს ვინმეს, ქვეყნის ან გულშემატკივარს ან მტრულად განწყობილს. დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მსურველთა რაოდენობა ან დიდი იყოს ან ნაკლები საქართველოში მოგზაურობისა, არაფერი გრანდიოზული აქ არ ხდება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რუსეთ-საქართველოს საზღვართან ისევ სამანქანო რიგებია. რუსეთის მოქალაქეები მეზობელ სახელმწიფოებში ქვეყნიდან მას შემდეგ გარბიან, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.