ჭიათურასა და თერჯოლაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს.
მათ ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს.
პარტია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ და ხოლო თერჯოლის საკრებულოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა დატოვეს. მათი თქმით, პარტიიდან მიდიან იმისთვის, რათა უფრო თავისუფლად ილაპარაკონ მნიშვნელოვან თემებზე.
,,ზუსტად ვხვდები, რომ “ქართული ოცნებიდან” გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი”, – წერს ნიკა სამხარაძე.
ომარ ჯიხვაშვილი კი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ როდესაც არსებობს კითხვები, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება.
„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.
თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – წერია ომარ ჯიხვაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
,,ქართული ოცნების’’ წევრებმა, დღესვე, პარტია დატოვეს ლაგოდეხსა და ახალციხეში.
უფრო ადრე, 28 ივნისს, პარტია და თანამდებობები დატოვეს დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა. 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ “არიან დიდი ძალები”, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს “საზოგადოების სიმართლით აღჭურვა” აქვთ დასახელებული.