კატარის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც უკრინასა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია, საქართველოს კი ჯერ კონკრეტული პირობების შესრულებისკენ მოუწოდა, უსამართლოა.

მისი შეფასებით, ევროკომისიამ უკრაინაზე სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია იმიტომ გასცა, რომ ის ომშია ჩაბმული, მოლდოვა კი უკრაინის საზღვართან მდებარეობს და უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში უდგას.

“უსამართლოა, მაგრამ გვესმის, და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, მოლდოვაც ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია, ეკონომიკური, უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს. თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენ რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალინ კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება სტატუსი გარკვეული პირობებით”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს. საბოლოო გადაწყვეტილებას სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით ევროპული საბჭო 24 ივნისს მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *