ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობა გადაკეტეს.
ისინი ამბობენ, რომ ევროპა საქართველოს მომავალია და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობისთვის ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
აქციის მონაწილეებმა 2019 წლის 20 ივნისი გაიხსენეს, როცა ხელისუფლებამ, თბილისში აქცია ძალის გამოყენებით დაშალა და აღნიშნეს, რომ მაშინ ხელისუფლება ანტიევროპული წესებით მოქმედებდა, დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მიზანი კი საზოგადოებისთვის ევროპული ღირებულებების შეხსენებაა, რომელიც ძალადობას გამორიცხავს.
,,სიმბოლურია, რომ დღეს, 20 ივნისს, გავმართეთ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია. ჩვენს მომავალს ევროპაში ვხედავ. ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენს ხელშია,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი.
,,აქ ვიდგები მანამ, სანამ ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა არ გაიგებს, რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ევროკავშირი არის ჩვენი დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღის დასაწყისი. ეს არის ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი. აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, რომლის წევრები ოდითგანვე ვიყავით,”-ამბობს ექიმი მაგული ჩხობაძე.
ქუთაისის გარდა, აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქუთაისიდან, თბილისში აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.