“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროპარლამენტი ფეიკის მსხვერპლი გახდა და კრიმინალების დასაცავად წარმოებულმა კამპანიამ ევროპარლამენტამდე მიაღწია.

ირაკლი კობახიძე ამით ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეც არის საუბარი. მან საგანგებო ბრიფინგზე ჩამოთვალა, თუ რა “შეაპარეს” რეზოლუციაში ამ კამპანიის მონაწილეებმა:

“შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება.
ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარად არის ცნობილი.
2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. რეზოლუცია ძირითადად აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე და რეზოლუციაში განმარტებული არაა, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე რის შედეგადაც 31 ადამიანი დააპატიმრეს, რაც არ მგონია, რომ რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს,’’-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, ის “მიღწევები” ჩამოთვალა, რომელიც მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა საქართველოს “სააკაშვილის რეჟიმის” დამარცხების შემდეგ მოუტანა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დროს მედია “ყაჩაღური ფორმით” სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ და პრაქტიკულად “შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება”. მისი თქმით, 2012 წლიდან, საქართველოში პლურალისტური მედიაგარემო ჩამოყალიბდა და ახალი ტელევიზიის დაფუძნება “პრაქტიკულად, რამდენიმე დღეშია შესაძლებელი”.
მისივე თქმით, 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. კობახიძემ აღნიშნა და ივანიშვილის მიღწევად შეაფასა ის, რომ 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა.

ამასთან, ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2012 წლამდე, სასამართლო სააკაშვილის “კრიმინალური რეჟიმის” ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. აქ კობახიძემ ჩამოთვალა, რომ 2012 წლიდან, სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ — საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი.

მისივე მტკიცებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში. აქ მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მიღებული იქნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეიქმნა NATO-სს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი.

ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ ეს არის იმ “მიღწევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას “ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა”.

ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდება, იქ სხვა სხვაგვარი ევროპარლამენტი დახვდებათ.

“იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება . “ფეიკის” გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება.
მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ”, —განაცხადა მან.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *