“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით მიმართავს.
მისი თქმით, ომბუდსმენი ,,ნაცების’’ დამცველად გადაიქცა.
,,თუ შეიძლება გამახსენეთ ძველი ამბები, რამდენჯერ მიმართა მან შეწყალების მოთხოვნით სხვა ადამიანებზე, რომლებიც ნაცმოძრაობას არ წარმოადგენდა, ხომ არ გახსენდებათ ასეთი საჯარო გამოსვლა?არ გახსენებდათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ლომჯარია, სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, იმიტომ, რომ ჩვენი არჩეულია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არა სახალხო დამცველი, არამედ ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა და ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია როგორც ჩანს”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე მიმართა. ის მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია და საბოლოო ჯამში, სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.