,,ევროპის სახალხო პარტიის’’ მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ შესაბამის კლინიკაში გადაიყვანონ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ წევრი პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს მოწოდება, რომ სერვისის არმიღების გამო მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს სახალხო დამცველის კონსილიუმის შეფასებას, ასევე მისი ექიმების განცხადებებს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მძიმე შედეგი. მისი შეფასებით, მმართველ გუნდს სურს მესამე პრეზიდენტი მორალურად გატყდეს.
“მესამე პრეზიდენტს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო სერვისის მიღება. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები ამბობენ, ამ სერვისის მიღება მაღალი ხარისხით შეუძლებელია და ითხოვენ საზღვარგარეთ მის გადაყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს ციხეში სათანადო სერვისის არარსებობის გამო,’’ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
“ევროპის სახალხო პარტია” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. პარტია მმართველ გუნდს მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ან საზღვარგარეთის კლინიკაში.