რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
კონსილიუმის წევრების განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტს საკვების მიღება სურს, თუმცა მას ამის საშუალება ფიზიკურად არ აქვს. ოჯახის წევრები, ექიმები და ოპოზიციის ნაწილი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს, ყოველდღიური საპროტესტო აქციები კი უახლოეს დღეებში დაიწყება. ის ამბობს, რომ გეგმავს რეგიონებში ჩასვლას და ხალხთან საუბარს, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.
“მართლა ძალიან რთული სიტუაციაა, ვგეგმავთ რა თქმა უნდა, რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან საუბარს მაგრამ დრო არ ითმენს. უნდა ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება უფრო აქტიურად, თქვენი იმედი მაქვს. მართლა, აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პარტიის მომხრე ხართ აქ არის ადამიანის სიცოცხლეზე საუბარი, უნდა გადავარჩინოთ მიშა. მე მაქსიმალურს ვიზამ, რომ ჩემი ძმა ვნახო გამოჯანმრთელებული, ვგულისხმობ, გაყვანილი იქნას საზღვარგარეთ, მულტიფუნქციურ კლინიკაში”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად, ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაციისკენ მოუწოდებს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. ის ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი აქციების ორგანიზება საზოგადოების ჩართულობით და აიძულონ ხელისუფლება, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.