სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიაში არსებული გადაცდომების შესახებ, ქუთაისის საკრებულო განხილვებს იწყებს.
ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულს საკრებულო ჯერ კომისიურ, შემდეგ კი საკრებულოს სხდომის ფორმატში განიხილავს, მისივე თქმით, საკრებულო მზადაა რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.
,,მზად ვართ საკითხის აქტიური განხილვისთვის. განხილვები ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მასში. შესაბამის მიგნებაზე, რომელშიც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, საქმე ეხება მერიის თანამშრომლებზე გაცემულ სოციალურ დახმარებას, მომზადდა ბრძანება, რომელიც ეხება საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლების მხარდაჭერას. თუ ჩვენს თანამშრომელს აქვს მთელი რიგი პრობლემები, ამ პრობლემის გადასალახად მან სხვა საშუალებები არ უნდა ეძიოს, როცა ჩვენც გვაქვს რესურსი დავეხმაროთ,’’-აცხადებს ირაკლი შენგელია.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ასევე მუშაობენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რაც ასევე ასახული იყო აუდიტის სამსახურის დასკვნაში. ირაკლი შენგელიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე დააყენა საკითხი ავტოპარკის გასხვისების შესახებ, რაც მისი თქმით, ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს.
მან ასევე საწვავის ხარჯის შემცირებაზეც ისაუბრა.
,,საწვავის ხარჯი შესაბამისი ბრძანებით განისაზღვრება, დეპუტატებს, თანამდებობის პირებს აქვთ ლიმიტირებული საწვავი. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ კუთხით იყო გადაცდომები. დავიწყებთ აღნიშნულზე მსჯელობას, რომ დაიხვეწოს მიდგომები. ჯერ კიდევ აუდიტის სამსახურის დასკვნამდე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საწვავის ხარჯვის ეფექტიანობას შეისწავლის,’’-ამბობს ირაკლი შენგელია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. დასკვნის მიხედვით, ფინანსური რესურსების, სოციალური პროგრამების, მუნიციპალური ტრანსპორტის და სხვა მიმართულებების მართვის კუთხით გამოვლინდა ხარვეზები.