სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიაში არსებული გადაცდომების შესახებ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება თანამშრომლების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურამ გამოძიება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მიმართვის შემდეგ დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი თქმით, გამოძიება არა თანამშრომლების მისამართით, არამედ თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით უნდა დაიწყოს. ის აღნიშნავს, რომ ჯოხი რიგით ადამიანებზე არ უნდა გადატყდეს და პასუხი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა აგონ.
,,ქუთაისის მერი ცდილობს დასკვნაში აღწერილი გადაცდომები ყველას დააბრალოს და თავად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს. ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან სწორედ მის არჩევნებს შეეწირა ახალი უხარისხო ავტობუსების შემოყვანა, სწორედ 2020 წლის ბოლოს, მისი მერობის დროს იქნა ხელი მოწერილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაბარებაზე, რომლებიც თავიდან არის გასაკეთებელი და მილიონობით ლარია გაფლანგული. ამიტომ საჭიროა პასუხი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა აგონ,’’- აცხადებს გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი 12 აპრილს შეიტანა. ის აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში სხვადასხვა სახის დანაშაულებშია მხილებული, გამოძებას ითხოვდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 7.1% და 31.9% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
სოციალური პროგრამების მართვა
მერიის თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებები – 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ.
მუნიციპალური ტრანსპორტის მართვა
მგზავრთა მომსახურების ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტმა, მგფ-თან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 22,669.5 ათასი ლარის ღირებულების ავტობუსები მიიღო. მერიამ არ გამოიყენა კონტრაქტით მინიჭებული უფლებები და არ მოითხოვა მიმწოდებლის მხრიდან ავტობუსების ხარისხის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა. შედეგად, მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მართვის პროცესს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები. ავტობუსების ხშირი დაზიანების გამო, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ვერ ახერხებს მგზავრთა სათანადო ხარისხით მომსახურებას.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა
უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები – მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, 1,984.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ქონების მართვა და განკარგვა.
ქონების გასხვისების ხარვეზები – მუნიციპალიტეტი, თავის საკუთრებაში არსებული მიწების აუქციონის წესით რეალიზაციის დროს, ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრისთვის არ იყენებს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებას, რითაც ირღვევა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ასევე, არსებობს მაღალი რისკი, რომ პირობითი აუქციონები გამოიყენება კონკურენციის შესამცირებლად და ქონების საბაზროზე დაბალ ფასად რეალიზაციის მიზნით.
მიუღებელი საიჯარო თანხა – ქონების განკარგვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეების გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
შესყიდვების მართვა
განხორციელებული ბაზრის კვლევა – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ − სპეციალურმა სერვისებმა, სპეცტექნიკის საბაზრო ფასის დასადგენად, ბაზრის კვლევა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა. შედეგად, არსებობს პროცესის იმგვარად წარმართვის რისკი, რომ ხელშეკრულება გაფორმებოდა წინასწარ შერჩეულ კომპანიას.
ინტერესთა კონფლიქტი – მუნიციპალიტეტმა 128.8 ათასი ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მოადგილე იმავდროულად იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. არსებობს რისკი, რომ ინტერესთა კონფლიქტმა გავლენა იქონია შესყიდვის შედეგებზე.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვაში არსებული ხარვეზები – მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 125 ერთეულით აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.