,,პატრიოტთა ალიანსის’’ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს საომარ ვითარებაში ჩათრევა სურს.

მისი თქმით, საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს.

,,ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი საქართველოს მეგობრად. ყოველდღიურად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველო როგორმე ჩაებას რუსეთთან კონფლიქტში. ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან იმგვარი განცხადებები კეთდება, რომ ეს არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არც კორექტული და არც ობიექტური. რა კონტრაბანდული იარაღი?! ხომ ყველას ესმის, რომ საქართველოდან არაფერი მსგავსი არ ხდება! მეორე ფრონტი საქართველოზე არ უნდა გაიხსნას. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე. ახლა რომ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, ორი თვის წინ რომ იგივე ეთქვა, უკრაინა ომს აცდებოდა. ამდენი მსხვერპლი, ნგრევა, ამხელა უბედურება არ იქნებოდა და ჩვენ ასეთ ტრაგედიას უნდა ავაცილოთ ჩვენი ქვეყანა,-ამბობს ირმა ინაშვილი.

,,ნაციონალური მოძრაობის’’ განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთთან მოლაპრაკება არ შეიძლება, ირმა ინაშვილი ბოროტ პროპაგანდას უწოდებს. მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ უკრაინის მთავრობის მსგავსად სურს საქართველო კონფლიქტში ჩაებას.

,,გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც… და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც. ახლა უნდა ველაპარაკოთ, რომ მერე გვიან არ იყოს! ამიტომ ნუ ავყვებით ნაცმოძრაობას და მის პარტნიორ ზელენკის მთავრობას, რომელიც თავად რუსეთთან ლაპარაკობს, ჩვენ კი, ომში გვითრევს,’’-აცხადებს ირმა ინაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *