ქუთაისში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო.
დაპირისპირება ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მარეხ ნიჟარაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო. ოპოზიცია ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და ქვეყნის ისტერესების დამაზიანებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წევრი რუსულ ნარატივს ავრცელებს.
,,ეს განცხადება აზიანებს საქართველოს იმიჯს. მარეხ ნიჟარაძე საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, მაშინ როცა მთელი მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. მეგონა ალტ-ინფოს წარმომადგენელს ვუსმენდი. ამით ხომ ვაუფასურებთ იმ თანადგომას,იმ ჟესტს რაც საკრებულოს სხდომის დაწყებამდე რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრებისადმი გამოვხატეთ. მმართველი გუნდის ვერცერთმა წევრმა ვერ გაბედა მის წინააღმდეგ წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ეტყობოდათ მარეხ ნიჟარაძის განცხადება მათთვის მიუღებელი იყო. ჩვენ ამის შემდეგ ჩავრთეთ უკრაინის ჰიმნი, ფეხზე წამოვდექით და ამ ფორმით მივაგებთ პატივი რისეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ადამიანებს,”-ამბობს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია.
ქუთაისის საკრებულოს სხდომა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრებისადმი პატივის მოგებით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ადამიანებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ.