პარტია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წლის ომში რუსეთისთვის სანქციები მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მათ შორის, არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას დაუწესებია.
,,გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მხრიდან რუსეთზე სანქციების დაწესება რუსეთის ეკონომიკას ვერ დააზარალებს, საქართველოსთვის კი უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება. ის ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ ,,ომის პარტიას’’ უწოდებს და პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე.
,,აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს,’’-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე.