უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო საზოგადოებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
ის ამბობს, რომ მსოფლიომ რუსეთისგან ფინანსურ მოგებაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს.
პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ კონტინენტის მომავალს წყვეტს უკრაინა თავისი წინააღმდეგობით და მისი მეგობრები თავისი დახმარებით.
ვოლოდიმირ ზელინსკი სანქციების ახალი პაკეტის აუცილებლობაზე საუბრობს.
,,ომი და მკვლელობა ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა, თუმცა ომი ჩვენამდე მაინც მოიტანეს. იძულებულები ვართ ავიტანოთ და გადავლახოთ ის რაც ევროპის არც ერთ ქვეყანას 75 წელია არ გადაუტანია. დღეს უკრაინაში ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საკითხიც წყდება.
თუ რუსეთი არ შეწყვეტს ჩვენს ქვეყანაში ომს და უარს არ იტყვის ჯარის გაყვანაზე, დასავლეთი ვალდებული იქნება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს. სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ რუსულ პროდუქციას. ამას შეგიძლიათ უწოდოთ ემბარგო და შეგიძლიათ უწოდოთ უბრალოდ მორალი, როდესაც უარს ამბობ ფული მიაწოდო ტერორისტს,“-აცხადებს პრეზიდენტი.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტად გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.
,,როდესაც ვიღაც კარგავს გონებას, მაშინ უნდა დაკარგო შიში და დაივიწყო კომერცია. თავი უნდა დაიცვა, უნდა იყოთ მორალური სახელმწიფოც და კომპანიაც. უნდა ებრძოლოთ არაადამიანურ ძალას, რომელსაც თვით ადამიანურობის მოსპობა სურს. თუ არ შეუძლიათ მიჰყვნენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ არ უნდა მიიღონ არც პროდუქტი და არც მომსახურება, დაე, ომმა გამოკვებოთ!’’-ამბობს ვოლოდიმირ ზელინსკი.