ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი ჩამოდის საქართველოში და ეს რისკების შემცველია, გადაჭარბებულია.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში და მათ შეუძლიათ თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება.
,,დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი.
რიცხვები, თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო, პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.