ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უკვე მეხუთე დღეა რუსულ აგრესიას გმობენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. ამ წუთებში ისინი მესხიშვილის თეატრთან არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება.
ისინი, რამდენიმე წუთში მერიის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
,,უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა. ამ დროს ხელისუფლება ხელის სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. ეს არის ერთადერთი ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, რომელმაც რუსეთს სანქციები არ დაუწესა. რაც აქ, ამ ქალაქში და მთლიანად ქვეყანაში ხდება, ეს ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა,”-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა შალამბერიძე.
,, მძიმეა უყურო იმას, რაც უკრაინაში ხდება და გულხელდაკრეფილი იჯდე. ჩვენ ამ ფორმით გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინის მიმართ,”- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნანა ჯანაძე.
,,მეხუთე დღეა ვაწყობთ აქციას მშვიდობიანი მშოფლიოსთვის. გვინდა, რომ რუსეთი, როგორც დესტრუქციული ძალა, დასრულდეს და დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცეს. ჩვენ არ ვართ ბოროტები და არ ვუსურვებთ მტერს იმას, რასაც ჩვენ გვისურვებს. რუსეთი ახლა არის ბირთვული სახელმწიფო და საშიშია მსოფლიოსთვის, ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ აგრესიას,”-ამბობს სამოქალქო აქტივისტი დათო კაკაურიძე.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო.
უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად აქციები, ქუთაისში გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იმართება.