ქუთაისში უკვე მეოთხე დღეა უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას გმობენ. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან. ისინი ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.
,,დღეს აქ ჩემს წილ ბრძოლის ველზე ვდგავარ. ჩემი აქ დგომის მიზანს რუსულ ოკუპაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა წარმოადგენს, ამ ეტაპზე შიშველი ხელებით, უკრაინისადმი სიტყვიერი მხარდაჭერით, შემდეგ თუ საჭირო გახდება-იარაღით და მთელი ეკიპირებით,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მესხი.
აქციის მონაწილეებმა ასევე მერიის მიმართულებით მსვლელობა გამართეს და მოითხოვეს, რომ მერიის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერი ნიშანი დაისვას.
,,რუსული აგრესია 2008 წელს საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია, ამიტომ ჩვენ უკრაინელი ხალხის კარგად გვესმის. სრულიად უკრაინას ვუცხადებთ მხარდაჭერას! აქ მანამ ვიქნებით, ვიდრე ამ ბოროტ მონსტრს, პუტინის სახით, ცივილიზებული სამყარო თავის ადგილს არ მიუჩენს,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი იმედა ონიანი.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. ქუთაისის გარდა უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.