ქუთაისის მერია გარემოვაჭრეებს, რომელბიც ქალაქის ტერიტორიაზე ყვავილებს ჰყიდიან, ტერიტორიის დატოვებას აიძულებს.
ადგილზე დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, რომლებმაც გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მუშაობის შეწყვეტას და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
,,სახლში პური ძლივს მიგვაქვს და თუ მუშაობა შევწყვიტეთ, შიმშილით დავიხოცებით. ყოველდღიურად, მაქსიმუმ შეიძლება ხუთი პურის თანხა დამრჩეს და ეს თანხა ოჯახის გამოსაკვებად არ კმარა. მაქვს საბანკო ვალდებულებებიც, მძიმე დღეში ვართ და კიდევ უფრო გვირთულებენ მდგომარეობას. რას ვაშავებთ აქ ყოფნით? Სხვა ქალაქებშიც არის გარევაჭრობა, მაგრამ მოვაჭრეებს იქედან არავინ ყრის,’’-ამბობს გარემოვაჭრე მარინე ავალიანი.
,,ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა მითხრა, თუ ყვავილებს არ აიღებ, სულ წიხლებით შევდგებიო. ამ დროს თანამშრომელი ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ. Რით ვირჩინოთ თავი ეს ტერიტორია რომ დავტოვოთ? ყველაფერი გაძვირდა და ისედაც მცირე მოგება გვრჩება,’’-ამბობს გულნარა ქორიძე.
ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობას უკანონოს უწოდებს. მერია გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის ნაცვლად ყვავილების მაღაზიაში გადაყვანას სთავაზობს, მაგრამ გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს შემოთავაზება მათთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან გადასახადს ვერ გადაიხდიან.
,,თუ მაღაზიაში გადავედით, გადასახადი დღეში 8 ლარი იქნება და 8 ლარი ზოგჯერ მოგება არც გვრჩება. Ჩვენ აქ უბრალო ყვავილებს ვყიდით, მაღაზიაში ბევრად ძვირაღირებული ყვავილებია და უკანა რიგში მოგვიწევს გადასვლა, რაც ვაჭრობას გაართულებს,’’-ამბობს მარინე ავალიანი.