NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
– ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 83%-ისთვის მისაღებია, 8%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 3%-მა.
ამავე კვლევის თანახმად მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? – გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 12%-მა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.