ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის” შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ფრაქციის შექმნის იდეა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” მაჟორიტარ დეპუტატს კობა გურულს ეკუთვნის, რომელსაც ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატებთან: ანა აკოხრეიძესთან და ბესიკ ბრეგაძესთან უნდა შეექმნა. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თეა ჯუღელის განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს ორგანულ კანონზე დაყრდნობით მიიღეს, რომლის მიხედვით ერთ პარტიას ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვს.
გადაწყვეტილებას ოპოზიცია აპროტესტებს. ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას შეფასებით, გასულ საკრებულოში მმართველი გუნდი 4 ფრაქციით იყო წარმოდგენილი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ პატარა პარტიებისთვის ხელისშეშლის მიზეზით არის მიღებული.
ამასთან დაკავშირებით თეა ჯუღელი განმარტავს, რომ საქართველოს ორგანულ კანონში თვითმმართველობის შესახებ 2021 წლიდან ცვლილებები შევიდა.
,,2021 წლის 19 ნოემბერს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით ერთ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება აქვს, შესაბამისად, ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, ანა კოხრეიძე და ბესიკ ბრეგაძე ცალკე ფრაქციას ვერ შექმნიან. რაც შეეხება კობა გურულს, მას შეუძლია ფრაქცია იმ მაჟორიტარებთან შექმნას, რომლებიც ფრაქციის წევრები არ არიან. აუცილებელია ფრაქციაში მინიმუმ სამი ადამიანი იყოს,”- ამბობს თეა ჯუღელი.