Human Rights Watch-ის განცხადებით, 2021 წელს შეშფოთებას იწვევდა თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე.
ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელშიც 2021 წელია შეჯამებული.
ანგარიშში ნაქვამია, რომ გასულ წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს — თებერვალში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც თბილისში ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. აგვისტოში სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა ზუსტად იმ ვადით შეუფარდა, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული. ასევე 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის, სულ ცოტა, 53 თანამშრომელს, თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და გაანადგურეს მედიის აპარატურა — რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და მათ ხანმოკლე დროით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.
“TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით “ექსპერტიზის შუალედური დასკვნის” საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული. ლექსო ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ეჭვი შეიტანა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო,”-ნათქვამია ანგარიშში.