88 ხმა 1-ის წინააღმდეგ — შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ შალვა პაპუაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა.
პაპუაშვილის ბიოგრაფია და კარიერა
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შალვა პაპუაშვილმა 1998 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს მიენიჭა ევროპული კერძო სამართლის ხარისხი საარლენდის უნივერსიტეტის მიერ.
2020 წლიდან პაპუაშვილი არის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი. ასევე 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2021 წელს აირჩიეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. 2020 წლიდან არის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურად ურთულეს დროს პარლამენტს ღირსეულად უძღვებოდა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წევრი და შესაბამისად, ქართველი ხალხის “უმრავლესობის ნების გამტარებელია”, თუმცა დაამატა, რომ ამ პოსტზე ყოფნის დროს ის ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობისა და თანამონაწილეობის გარანტიც იქნება.