მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კადრები, ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე იყო გაფრთხილება, ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მომიტინგეებს საკმაო დრო მიეცათ, საპოლიციო მოთხოვნა შეესრულებინათ. საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა მდგარიყო, ვნახეთ, რომ მხუთავი აირით დაზიანებულ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ასევე ვნახეთ საკმაოდ მძიმე კადრები, როცა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე და ეს არ ყოფილა პერმანენტული. მე არ მითქვამს, რომ აქციის დაშლის დროს ყველა ეპიზოდში იყო პროპორციული ძალა. ვნახეთ, რომ აქ რეზინის ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა განსხვავებით 20 ივნისისა, როცა ხალხს თვალები დათხარეს,’’ – ამბობს ბექა ბასილაია.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.