ჭიათურის მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილეს სპარტაკ კობახიძეს თანამშრომლის ცემაში ადანაშაულებენ.
მედეა მოდებაძე, რომელიც ჭიათურის დასუფთავების სამსახურში მუშაობს, აცხადებს, რომ ჰქონდა ინფორმაცია სამსახურიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რის გასარკვევადაც მერიაში მივიდა. 75 წლის ქალის თქმით, დასუფთავების სამსახურის უფროსი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
,,გაიღო კარი და შემოვიდა კაცი, რომელსაც არ ვიცნობდი. უხეშად მითხრა აქ რატომ ზიხარო. ხელი დამავლო, ვუთხარი არაფერს ვაშავებ, თანამშრომელი ვარ, დაპირისპირება არავისთან მქონია მეთქი. ხელი მომკიდა და გამომაგდო. თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი,’’-ამბობს მედეა მოდებაძე.
ის სპარტაკ კობახიძის პასუხისგებაში მიცემას და მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
ჭიათურის მერიაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. მერიაში მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ჟურნალისტების მისვლის შემდეგ სპარტაკ კობახიძემ მერიის შენობა დატოვა.