საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა და “კურთხევა სთხოვა”.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა”, — ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, რომელიც ერთსულოვნებისკენ იქნება მიდრეკილი.
“მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე”.
ზურაბიშვილმა დღეს, 15 დეკემბერს განაცხადა, რომ აიღო ვალდებულება შერიგების პროცესის დასაწყებად და ეს არა მთავრობის, არამედ მისი ვალდებულებაა.
France 24-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და დღეს არსებითია საქართველოსთვის.