მთავრობა 2022 წლისთვის ეკონომიკის 6%-ით გაზრდას ელოდება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს ერთ სულზე გადაანგარიშებული მშპ საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საგარეო ვალი შემცირდება.
,,ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც ასევე მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება.
2022 წლის ბიუჯეტში საჯარო სამსახურში დასაქმებულების ხელფასებისთვის 1,83 მილიარდი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა 2021 წლის ბიუჯეტში 1,64 მილიარდს შეადგენდა. 2022 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა 112 752 ადამიანი იქნება.