,,ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ წარმოადგინა ინიციატივა, გათავისუფლდეს მედია გადასახადებისგან სამი წლით.

საბა ბუაძე აცხადებს, რომ აღნიშნული იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზარტული თამაშების შეზღუდვასა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ისაუბრა. ლელოს ლიდერის თქმით, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მნიშვნელოვნად დააზიანებს მედიასაშუალებებს, რადგან ბევრი მედიაორგანიზაციის შემოსავლის გარკვეულ ნაწილს სწორედ აღნიშნული სახის რეკლამები შეადგენს.

,,ბევრი მედიასაშუალებისათვის აზარტული თამაშებიდან სარეკლამო შემოსავლებში შემოსული თანხები წარმოადგენს მთლიანი კომერციული შემოსავლის 20%-ს. ამიტომ აუცილებელია, რომ დავაბალანსოთ მედიის ინტერესი და კრიტიკულ მედიას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ პრემიერისგან პრობლემები შეექმნას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არა აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება, არამედ მედიასაშუალებებზე ზეწოლა და კრიტიკული მედიაორგანიზაციებისთვის პრობლემების შექმნაა.

„ირაკლი ღარიბაშვილი ორმაგი სტანდარტი ჩანს თუნდაც იმაში, რომ წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა რამდენიმე ქალაქში კაზინოს შექმნას. ასევე, ამ ზაფხულს ირაკლი ღარიბაშვილმა გადასახადებისგან გაათავისუფლა რამდენიმე კაზინო და მოსაკრებელი გაუნახევრა თბილისში მდებარე კაზინოებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ორმაგ სტანდარტს და უტიფრობას, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი და ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აზარტული თამაშების რეგულირება და მოწესრიგება კი არ უნდა, მათ სურთ აზარტული თამაშების გავლით მედიაზე მოახდინონ ზეგავლენა,’’-აცხადებს საბა ბუაძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *