დღეს სტრასბურგში მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლანტში შეხვედრებს გამართავს.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ შეხვედრის თემები ადგილობრივი პოლიტიკა და საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები იქნება. მისი თქმით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ალბათ, მიხეილ სააკაშვილის თემაც იქნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდება.
“ყველა თემას შევეხებით, რაც უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკას, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ალბათ, იქნება სააკაშვილიც. თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სამომავლო განვითარებას.
ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს დღის წესრიგი, გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან. ეს არის თანაბრად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე, ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა ამ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება საუბარი”, — აღნიშნა მან.
ევროსაბჭოში ირაკლი კობახიძემ შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან გამართა, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ქართული დელეგაცია, ასევე, შეხვდა ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესის ხელმძღვანელებს.