პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება მისაღები პირობაა.
“გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის… მე ახლა ველოდები ექიმს და რა თქმა უნდა, [სააკაშვილის] გადასვლის პროცესს…” – თქვა ხოშტარიამ.
დროას ლიდერი 17 დღეა რაც შიმშილობს. ხოშტარიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.
დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს, მას გორის სამოქალაქო კლინკაში გადაყვანა შესთავაზა.
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გუშინ, საღამოს ცუდად გახდა, მან გონება დაკარგა და შემდეგ ის გლდანის სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციაში გადაიყვანეს.
ასევე შეგახსენებთ, 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.