მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მას მესამე პრეზიდენტის სანახავდ არ უშვებენ.
მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ღამე რეანიმაციაში გაატარა, სადაც მხოლოდ სამედიცინო პერსონალი შედის.
ადვოკატი ესაუბრა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს მანანა ელეფტერობას, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
,, ექიმმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხები ჯერ-ჯერობით არაა მოსული. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა მათი განმარტების შესაბამისად არ არსებობს, თუმცა ელოდებიან ამ კვლევების პასუხებს,”-ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, ამ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გუშინ ჰქონდა კოლაფსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა პენიტენციური სამსახურის მხრიდან ოფიციალური ინფორმაციის გაუვრცელებლობა.