ოკუპირებული ცხინვალი ბელარუსისგან და სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდება.
ტასის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბულამარგის ყოველწლიური საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ცერემონიის დროს განუცხადა.
“ჩვენ აღიარებას ველოდებით არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც. მე მჯერა, რომ ისტორია, რომელიც გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები, არის რესპუბლიკის აღიარების საფუძველი”, — თქვა ბიბილოვმა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ 2020 წელს განაცხადა, რომ მინსკი მზად იყო ეღიარებინა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები მინსკს სანქციებით დაემუქრნენ.